ნატალია კალანდაძე – წასული მე

3-24 აპრილი

პატარა გალერეა გეპატიჟებათ ჩვენს მესამე, ახალ მისამართზე, ესაა პირველი სივრცე მიწის ზევით, რომელშიც მომავალი თვეების განმავლობაში გამოფენებს გავმართავთ. ესაა ზუსტად ისეთი მისამართი, როგორზეც “პატარა” უნდა იყოს: ელიავას ბაზრობასთან ორ ნაბიჯში, ავტომანქანების შესაკეთებელ სახელოსნოებსა და მათი ნაწილების მაღაზიებს შორის, მდინარესთან, მდინარის სახელის მქონე კლუბთან, ქართველი პრინცის ქუჩაზე, პრინცის, რომელიც რუკებსაც წერდა და ჩვენი გალერეის უკვე ძალდაუტანებლად დაწერილ ისტორიას და მოგზაურობისას შექმნილ ხასიათს, ძალიან შეესაბამება: ჩვენც თბილისის ისტორიას ვწერთ უბან-უბან მოგზაურობით, მიწისქვეშიდან - მიწის ზევით ასვლით, სამეფოდ ულამაზესი გამოფენების კეთებით და ხალხის სიყვარულით, რომელიც უკანაც გვიბრუნდება! სწორედ ჩვენი დამთვალიერებლის, უბრალო ხალხის დაფინანსებით მოეწყო ჩვენი მესამე სივრცე და ეს გამოფენაც!

გამოფენა კი ნატალია კალანდაძისაა. ნატალია მხატვარია, რომელმაც ბევრი სხვადასხვა რამ ისწავლა სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და ჩვენ თავი ადგილობრივი ფერწერის სკოლისგან ძალიან განსხვავებული ხელწერით მოგვაწონა. მისი ნამუშევრები: ფერწერა, ობიექტები, ვიდეოები, ხშირად შთაგონებულია ბუნების სხვადასხვა გამოხატულებებზე და გარემო ხასიათებზე და ხშირად, განსაკუთრებით ნახატებში, ნაცნობ სახეებსაც ამოვიცნობთ. სტილისტურად ნატალიას ნამუშევრებიდან შეიძლება პარალელი ალის ნილთანაც გავავლოთ და “ემიგრანტი დედები”-ს ინტერნეტში ნავიგირების ესტეტიკასთანაც, რაც ერთად, ფანტასტიურ კომბინაციებს ქმნის.

ნატალია გამოფენაზე წარმოადგენს მის პირველ ავტოპორტრეტს და ინსტალაციას რომელიც გამოფენისთვის შეიქმნა. ავტოპორტრეტი, მით უმეტეს, თანამედროვე ქალი ხელოვანისგან, ყოველთვის საეტაპო ნამუშევარია, ის ყოველთვის ასახავს მომენტს, როცა გარდამტეხი მოვლენა მოხდა, ესაა ყველაზე ემოციური, ნაგრძნობი, შესწავლილი საკუთარი თავის, საჯაროდ, ყველას საჯიჯგნად გამოტანა, როგორც საკუთარი თავისთვის სულში ჩახედვის, დაფიქსირების, გაგების და შეყვარების მცდელობა.

ავტოპორტრეტის გარშემო, ნატალია ქმნის გარემოს, რომელში მყოფი საზოგადოება, მხატვრის ავტოპორტრეტის განუყოფელი ნაწილი ხდება, მაგრამ მას მთლიანობაში ვერ ხედავს და პორტრეტის მხოლოდ ნაწილ-ნაწილ აღქმა შეუძლია, ისიც საკუთარი სხეულის, საკუთარი ავტოპორტრეტის გავლით.

“ეს იმის გადმოცემის მცდელობაა, რმლის გამოხატვასაც ჩემი თავი თვითდივერსიით ცდილობს, მაგრამ უცნაურად ყოველთვის საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

ყველაფერი გარშემო იმისთვის ინგრევა რომ ახალი აშენდეს.

(ეს გამოფენა კი,) არც ნგრევაზეა და არც ახლის შენებაზე, არც ჩემზე და არც თქვენზე, … ბუნებრივ პროცესებზე - ჩვეულებრივ ბრძოლებზე და ჩვეულებრივ ომებზე.”